ხელოვნური ინტელექტი: იმედი თუ საშიშროება
ხელოვნური ინტელექტი
AI (Artificial Intelligence) _ ანუ ხელოვნური ინტელექტი დღეს მოწოდების სიმაღლეზეა. ალბათ თქვენ უკვე სცადეთ Chat GPT_სთან გასაუბრება. თუ ჯერ არ გიცდიათ არასოდესაა გვიან.
საქმე ისაა, რომ აქამდე არსებული ჩათ-ბოტები თუ გაწერილ ინსტრუქციებს მიყვებოდნენ თქვენთან საუბრისას, ახლა შესაძლებელი გახდა DNN (Deep Neural Network)_ის დახმარებით ბოტმა ინფორმაციის გადამუშავების ხარჯზე თავად ისწავლოს საუბარი ნებისმიერ ენაზე, ვინაიდან მას გააჩნია ხელოვნურად შექმნილი ნეირონული ქსელი.
ადამიანებს შორის კომუნიკაციის უამრავი ჩანაწერი დაგროვდა ისეთ კომპანიებში როგორიცაა Facebook, Google, Instagram და სხვა. ამ ინფორმაციის გადამუშავებით შესაძლებელია ბოტს ვასწავლოთ ნებისმიერ ენაზე საუბარი და არა მხოლოდ საუბარი . . .
ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია შეისწავლოს გადაცემული მონაცემები, ვთქვათ თქვენი ჩათების ჩანაწერები მეგობრებთან, და გაგიცნოთ იმაზე უკეთ, ვიდრე თქვენ იცნობთ თქვენ თავს. შემდეგ ეს ინფორმაცია გამოყენებული იქნება სარეკლამო კამპანიებსა და სხვა მიზნებისთვის. AI_ს უკვე შეუძლია ადამიანის ხმის ტემბრის თუ ვიზუალის ანალიზი და მისი ასლის შექმნა, ჰაკერული კოდების გენერირება და ეს მხოლოდ დასაწყისია . . .
რა თქმა უნდა ხელოვნურ ინტელექტს არ გააჩნია სურვილები და გრძნობები, ის გააკეთებს იმას რასაც ეტყვიან და ხალხი ვისაც შეუძლია AI_ს ხელსაწყოდ გამოყენება, არის ხალხი ვინც ფლობს ყველაზე მეტ ინფორმაციასა და ფინანსურ რესურსს.
რა შეიცვლება უახლოეს 50 წელიწადში?
უარყოფითი მხარეები:
1. სამსახურს დაკარგავენ: მძღოლები, ფერმერები, გაზეთისა და ჟურნალების გამომცემლები, მოლარეები, ტურ-აგენტები, ქარხნებში მომუშავე ადამიანები, დისპეჩერები, მიმტანები და ბარმენები, ბანკში მომუშავე კონსულტანტები, ბუღალტრები და საშემოსავლო სამსახურში დასაქმებული ხალხი, ტელემარკეტერები, პილოტები, სწრაფი კვების ობიექტებში მომუშავე ხალხი, აქციებით მოვაჭრეები, მშენებლობებში დასაქმებული ხალხი და სხვ.
2. რთული გახდება სამართლიანი სასამართლოს ჩატარება, ვინაიდან გამარტივდება ყალბი მტკიცებულებების შექმნა, რომლის გარჩევა რეალურისგან შეუძლებელი გახდება.
3. კიდევ უფრო გაიზრდება ადამიანებზე კონტროლი, ვინაიდან აქამდე შეუძლებელი იყო რამდენიმე მილიარდი ადამიანის საქმიანობის ერთდროულად მონიტორინგი, ახლა კი ამას ხელოვნური ინტელექტი შეძლებს.
4. გამარტივდება ეფექტური პროპაგანდისა და ტრენდების ხელოვნურად შექმნა გიგანტური მონაცემების ანალიზის შედეგად და სოციუმის "ბრეინ-ვოშინგი".
5. კიდევ უფრო მონოპოლიზირდება ყველა ინდუსტრია. შესაბამისად საშუალო ფენა განადგურდება.
რა შეგვიძლია გავაკეთოთ საკუთარი თავის დასაცავად?
a) თუკი გაქვთ პროფესია, რომელსაც ადვილად ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი, დაიწყეთ პროგრამირების შესწავლა რათა უფრო დაცული იყოთ.
b) ნუ გასცემთ საკუთარ თავთან დაკავშირებულ ინფორმაციას გარდა აუცილებელი შემთხვევებისა, რადგან ის მოხდება დიდი კომპანიების ხელში და შემდეგ ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ბაზაში.
c) ეცადეთ გაარკვიოთ ვინ ხართ, რადგან როცა ხელოვნური ინტელექტი უკეთ გიცნობს, ვიდრე შენ იცნობ საკუთარ თავს, შენით მანიპულირება ადვილია.
d) საკვებისა და სასმელის ინდუსტრიის მონოპოლიზაცია გამოიწვევს პროდუქტების ხარისხის დაცემას. თუ გაქვთ შესაძლებლობა იცხოვროთ ქალაქ-გარეთ, გქონდეთ საკუთარი მცირე მეურნეობა და პარალელურად იმუშაოთ ონლაინ მაღალ ანაზღაურებაზე, მეტი შანსი გექნებათ წარმატებით გადააგოროთ ეს სირთულეები.
დადებითი მხარეები:
1. ფიზიკურ და რუტინულ სამუშაოებს რობოტები შეასრულებენ.
2. სამედიცინო სფერო განვითარდება და დიაგნოზის დასმა და მკურნალობა გამარტივდება.
3. ინდუსტრიების მონოპოლიზაცია გამოიწვევს დედამიწის ფინანსების ერთ ადგილას კონცენტრაციას, რაც მარტივს გახდის კოსმოსის ათვისებისთვის საჭირო ფინანსების გამოყოფას და შესაძლებლობას მოგვცემს გავხდეთ მულტი-პლანეტარული არსებები.
ეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ გაუთვალისწინებელ გლობალური ეკოლოგიური კატასტროფა ან ბირთვული ომი არ შეცვლის არსებულ ვითარებას.
ყოველ შემთხვევაში, როგორც დარვინმა თქვა _არა ყველაზე ძლიერი ნაირსახეობა, არამედ ყველაზე ადაპტირებადი გადარჩება. ამიტომ იყავით ადაპტირებადები!
Comments
Post a Comment